Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 100-ს გადააჭარბა ახალი სახეობის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა


მგზავრს სხეულის ტემპერატურას უზომავენ პეკინის რკინიგზის სადგურში
მგზავრს სხეულის ტემპერატურას უზომავენ პეკინის რკინიგზის სადგურში

ჩინეთში 106-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით(2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი. ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ქვეყნის დედაქალაქ პეკინშიც.

28 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულია 4515 ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 106 გარდაცვლილიდან 100 ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანის მცხოვრები იყო. დეკემბრის ბოლოს, სწორედ ამ ქალაქიდან გავრცელდა მანამდე უცნობი ვირუსი. უჰანის 11 მილიონზე მეტი მცხოვრები კარანტინის ქვეშ იმყოფება. განსაკუთრებული ზომებია მიღებული ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დადასტურდა გერმანიაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებულია ბავარიის მხარეში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ამჟამად იზოლირებულია და მისი მდგომარეობა ნორმალურია.

მანამდე ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ჰონ-კონგში, ტაივანზე, ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, ნეპალში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.

ვარაუდობენ, რომ ახალი სახეობის ვირუსი ადამიანს ცხოველისგან გადაედო. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG