Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი "ქართულ ოცნებას" მიმართავს


ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართოს საკონსტიტიციო ცვლილებების ინიციატივით.

არასამთავრობო სექტორის მიმართვის საფუძვლად იქცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო ხანს გამოთქმული კრიტიკული შეფასებები: „ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირებული პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამის დასტურია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მწვავე წერილი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და საზოგადოებაში იზრდება პოლარიზაცია, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საპარლამენტო არჩევნების წინაასარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე:

„ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად. ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება".

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა, უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება:

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა განამტკიცებს არჩევნების ლეგიტიმურობას, აღადგენს დასავლელი პარტნიორების ნდობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას. საარჩევნო სისტემის ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში გადავიდნენ, შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, შექმნის პოლიტიკური პროცესის დასტაბილურების წინაპირობას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, გაიაზროს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG