Accessibility links

logo-print logo-print

მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე: ისე დახურეს, ბრალდებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს


თამთა მიქელაძე

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების დამცავი ორგანიზაციის, EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ეხმაურება პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. იურისტი ხაზს უსვამს იმას, რომ მიმდინარე გამოძიება, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, პროკურატურამ შეწყვიტა ასევე მის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც.

"ფეისბუკის" პოსტში თამთა მიქელაძე წერს, რომ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის არარსებობის პირობებში მიიღეს ისე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და ოჯახის წევრებს საბოლოოდ მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს.

„ორივე საქმეზე თანადროულად და სრულიად მოულოდნელად მიიღო უფროსის გარეშე დარჩენილმა პროკურატურამ გადაწყვეტილება. ეს მაშინ, როცა ჩვენ გამოძიების წინაშე ახალი განცხადებების და ინიციატივების დაყენების რეჟიმში ვიყავით და ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ვთხოვდით პროკურატურას.

ეს შედეგი მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლების მხრიდან, ცხადია!
თუმცა, ევროსასამართლოში საქმის განხილვის პირობებში გამოძიების გაჭიანურების სტრატეგია უფრო "ლოგიკური" მიგვაჩნდა და საინტერესოა ამ რისკზე წასვლის პოლიტიკური რაციონალობა რა არის. სავარაუდოდ, ხელის გადაწევის და ძალის დემონსტრირების პოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც ბოლო თვეებია ხელისუფლება იყენებს“
, - წერს თამთა მიქელაძე.

„მოვა დრო და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე“, - მიმართავს იგი სამართალდამცავ უწყებებს.

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG