Accessibility links

logo-print logo-print

გია ვოლსკი: მალხაზ მაჩალიკაშვილი არცერთ დაწესებულებაში არ უნდა დაუშვან


გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა შეუშვან, სანამ სასამართლო არ დაადგენს, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე კავშირი საქართველოში ტერორისტული ჯგუფის შემოსვლასთან.

ვოლსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილი დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

„,სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე - სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს, ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ - მაგრამ, იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და, ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა“, - უთხრა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩაატარა სპეცოპერაცია ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ. მისი დაჯგუფების ორი წევრი მოკლეს, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. იმავე წლის 26 დეკემბერს, ჩატაევის ჯგუფის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც სპეცრაზმელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს.

მისი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებთან შვილის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და ტყუილს უწოდებს გამოძიების ვერსიას, რომ სპეცრაზმელმა თემირლანს იმის გამო ესროლა, რომ ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა.

რაც შეეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეს, 2018 წლის ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 10, 11, 12 და 13 წლით პატიმრობა მიუსჯა.

კონკრეტულად მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 2019 წლის მაისში, თუმცა, სხვა საქმეზე. მაშინ სუს-მა განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ჩადენას გეგმავდა სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG