Accessibility links

logo-print logo-print

ჩუგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს


თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისი შეფასებით, კომისიის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში საქმიანობა სუპერპოლარიზებულ გარემოში ჩაივლის და პარტიების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

„სხვა კონტექსტი რომ იყოს, კიდევ შეიძლებოდა სხვანაირად მოვქცეულიყავი“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ თამარ ჩუგოშვილმა. მან დაასახელა მიზეზებიც, რის გამოც ამ მოწვევის პარლამენტში კომისიის შექმნის იდეას ეწინააღმდეგება:

  • ამ საქმეზე კომისიის მუშაობის ნაწილი კონფიდენციალური უნდა იყოს, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნება, ანუ პროცესი მთლიანად ღია ვერ იქნება.
  • 6 თვე, როდესაც კომისიას მოუწევს მუშაობა, პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბული იქნება. კომისია გახდება პოლიტიკური „გადაქაჩვის“ და აბსოლუტურად მთლიანად პარტიული მიზნებისთვის გამოყენებული.
  • თუ რაიმე კითხვის ნიშნებია დარჩენილი, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ის გასცემს პასუხს.

თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ „თუ მაინცდამაინც საპარლამენტო კომისიაზეა საუბარი“, მისი შექმნა უფრო უპრიანი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს, 29 იანვარს, თხოვნით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართვის ადრესატებს შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG