Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WADA-მ აღმოაჩინა, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში სინჯები შეცვლილია


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) აღმოაჩინა, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის სინჯების ბაზიდან 298-დან 145 სინჯი შეცვლილი ან ამოღებულია. ამის შესახებ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა გიუნტერ იუნგერმა განაცხადა გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იუნგერის თქმით, ის და მისი კოლეგები 2019 წლის მაისიდან ნოემბრამდე დაკავებული იყვნენ „მხოლოდ იმით, რომ დაედგინათ, რა მონაცემებია შეცვლილი, ამოღებული ან დამატებული“. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოქმედებები ძველი რიცხვით იყო დათარიღებული, თქვა იუნგერმა. ყველა მონაცემის აღდგენა ვერ მოხერხდა, აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყველა საეჭვო 298 შემთხვევა შემოწმდება.

2015 წელს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) ლიცენზია შეუწყვიტა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა დამოუკიდებელი კომისიის ანგარიში რუსეთის სპორტში დოპინგის შესახებ. 2016 წლის მაისში ლიცენზია ნაწილობრივ აღადგინეს, მაგრამ გასულ კვირაში WADA-მ კვლავ შეუჩერა ლაბორატორიას ლიცენზია, სანამ გაიმართება დისციპლინარული განხილვა მანიპულაციების თაობაზე, რაც გამოვლინდა მოსკოვის ლაბორატორიის მიერ იანვარში გადაცემულ სინჯებთან დაკავშირებით.

რუსეთის სპორტში დოპინგთან დაკავშირებული სკანდალი უკვე რამდენიმე წელი გრძელდება. რუსეთი უარყოფს სახელმწიფო დონეზე დოპინგის მხარდაჭერას და ჩინოვნიკებისა და სპეცსამსახურების კავშირს დოპინგის პროგრამასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG