Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები: საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს


სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე
სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპს, - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის სიტყვით მიმართვისას გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეეხებოდა კანონის გვერდის ავლით რუსეთის ფედერაციის დელეგაციისა და, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მასპინძლობის საკითხს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

„პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ გაკეთდეს საჯარო განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე.

„საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, ეს ერთი, და მეორე, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახლავთ და, სამწუხაროდ, ესეც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრის სტატუსი. ახლა უკან დავბრუნდეთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება“, - უთხრა ჟურნალისტებს 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ დავიცვათ საერთაშორისო ვალდებულებები... ჩვენ ვხელმძღვანელობთ საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და ამ ორგანიზაციის პრინციპებით. ეს არ არის ადვილი, ეს არ არის იოლად მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG