Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ


პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოში რუსეთის დელეგაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტის შესახებ ილაპარაკა.

„პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის გვერდის ავლით რამე გააკეთდება, უკვე ძალიან დიდი უხერხულობაა. სამართალში არ არსებობს ასეთი ტერმინი: „კანონის გვერდის ავლა“. კანონის გვერდის ავლა ნიშნავს კანონის დარღვევას. თუ გინდა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში რაღაც კორექტირება შეიტანო, ან უნდა შეცვალო, ან კანონი უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ გამონაკლისი დაიშვას, ამის შესაძლებლობას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი იძლევა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა ეს არ იცის“, - თქვა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს საქართველოში სერგეი ლავროვის ჩამოსვლის მოლოდინი არ აქვს. „მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ“, - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ დავიცვათ საერთაშორისო ვალდებულებები... ჩვენ ვხელმძღვანელობთ საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და ამ ორგანიზაციის პრინციპებით. ეს არ არის ადვილი, ეს არ არის იოლად მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

2019 წელს გამართულ შეხვედრას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში სერგეი ლავროვი ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG