Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის ფოტოკოლაჟი დასჯადი აღმოჩნდა


რამზან კადიროვის ფოტოკოლაჟი
რამზან კადიროვის ფოტოკოლაჟი

24 იანვარს ჩეჩნეთის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სულ მცირე 25 კაცი დააპატიმრეს. მათ შორის იყვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე მოზარდები. ამგვარი მასობრივი დევნის მიზეზი გახდა გავრცელებული ფოტოკოლაჟი, რომელზეც რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი, გამოსახულია მართლმადიდებელი ღვთისმსახურის სამოსში.

რადიო თავისუფლების საიტ „კავკაზ რეალიის“ თანახმად, 11 კაცი დააკავეს ქალაქ შალიში, ოთხი - გერმენჩუკში, კიდევ 10 - მეზობლად მდებარე კურჩალოის რაიონში.

ამასთან, დაკავებულთა შორის არიან როგორც კოლაჟის გამავრცელებლები, ისე მიმღებნი.

იუწყებიან, რომ დაკავებულებს სცემეს და მთელი ღამე ჰყავდათ წინასწარი დაკავების საკანში ისე, რომ არ გაუფორმებიათ დაკავების ოქმი ან სხვა დოკუმენტი.

დაკავებულთა გამოშვება ნაწილ-ნაწილ დაიწყეს კვირას, „პროფილაქტიკური საუბრების“ შემდეგ. მათვე დააკისრეს ასევე გარკვეული თანხის გადახდა, რასაც, გავრცელებული ცნობებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა „ჯარიმა“ უწოდეს.

მაგრამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრმა ნაციონალური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობისა და ინფორმაციის საკითხებში, ჯამბულატ უმაროვმა, უარყოფო ტოკოლაჟის გამო ახალგაზრდებისა და მოსწავლეების დაპატიმრების ფაქტი და ამ ინფორმაციას „შეთითხნილი“უწოდა.

ჩინოვნიკის თანახმად, ჯობს „გააფრთხილონ და მკაფიოდ განუმარტონ ამ ორიოდე ათეულ ამრევსა და ნაძირალას", სადამდე შეიძლება მიიყვანონ საკუთარი ხალხი თავიანთი სურათებით, კარიკატურებითა და შარჟებით.

„უმჯობესია კანონის ფარგლებში მოვიყვანოთ ისინი ჭკუაზე, ვიდრე მერე აღმოვჩნდეთ მოწმენი ათასობით და მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანების მხვერპლისა ასეთი ე.წ. სატანური სატირის შედეგად“, - დაასკვნა უმაროვმა.

როგორც ზემოთ ითქვა, ფოტოკოლაჟის საფუძვლად აღებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს, ორიგინალური სურათი, რომელსაც გაკეთებული აქვს რამზან კადიროვის სახე.

„ფოტოკოლაჟის ავტორებს ამით სურდათ ეჩვენებინათ, რომ რამზან კადიროვი თავს დებს ჩეჩენთა უზენაეს სასულიერო ლიდერობაზე და ისეთივე რუპორია კრემლისა, როგორიც პატრიარქი კირილე“, - ამბობს ჩეჩენი ჟურნალისტი, ამინა უმაროვა.

აღსანიშნავია, რომ ფოტოკოლაჟის ავტორები იოლად გადაურჩნენ ჩეჩნების ლიდერს, რომელმაც ცოტა წნის განაცხადა, რომ „თუ საჭიროა, გაანადგურებს იმ ადამიანებს, ვინც მის ღირსებას შეეხება“.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ერთ-ერთი გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ამ განცხადების სამართლებრივი შეფასება მოითხოვა, მას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უპასუხეს, რომ შეისწავლეს რამზან კადიროვის განცხადება, მაგრამ მასში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG