Accessibility links

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით იჭიდავებს


ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სპორტულ კარიერას სერბეთში გააგრძელებს და ამ ქვეყნის ნაკრების სახელით შეეცდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებას. ევროპის ორგზის ჩემპიონმა მოჭიდავემ უცხოეთში წასვლის სურვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2019 წლის იანვრის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილს საქართველოს სახელით არც ერთ შიდა თუ საერთაშორისო ტურნირზე აღარ უჭიდავია. კარიერის უცხოეთში გაგრძელების უფლება კი არ ჰქონდა, რადგან ამისთვის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თანხმობა სჭირდებოდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხარეები საბოლოოდ მაინც შეთანხმდნენ და ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამაც მიიღო. ფედერაციის პრეზიდენტ ზელკო ტრაიკოვიჩის მიერ ერთ-ერთი სერბული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს თანახმად, დათუნაშვილმა სერბეთის პასპორტი უკვე მიიღო და ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც თებერვალში რომი უმასპინძლებს.

ევროპირველობას მოჰყვება ორი საერთაშორისო ტურნირი, რომლებზეც ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება.

2019 წლის 11 იანვრის ინციდენტის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობის ბრალდებით აღიძრა საქმე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძის მიმართ. გამოძიების დაწყებიდან ათ თვეში, სპორტსმენის დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა, საქმეში ახალი მტკიცებულების დართვის შუამდგომლობით. უფლებადამცველებმა წარადგინეს დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილის ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც ეწერა, რომ დათუნაშვილი და თამაზ გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს. სავარაუდოდ, მაშინდელი გარიგების ნაწილი იყო მოჭიდავის მოთხოვნის დაკმაყოფილებაც, თუმცა ამის შესახებ საუბრისგან ორივე მხარემ თავი შეიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG