Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას ცოლმა შეძლო საავადმყოფოში მისი მონახულება


თურქეთში, „აჯიბადემის“ ერთ-ერთ კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას მონახულება ცოლმა, ანა ჯაბაურმა შეძლო.

ჯაბაურის წარმომადგენელმა ჯაბა კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თბილისის დროით 22:00 საათის შემდეგ, მართალია, დაგვიანებით, თუმცა მაინც მიეცა მეუღლეს ცოტნეს ნახვის საშუალება.

„შევიდა ქალბატონი ანა, ნახა, დოკუმენტებსაც გაეცნო“, - აღნიშნავს კვარაცხელია. მისი თქმით, ანა ჯაბაური, რომელიც თავადაც ექიმია, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცოტნე გამსახურდიას ვერ ნახულობდა და, შესაბამისად, ყოველდღიური დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც დოკუმენტების შესწავლას დაასრულებს, ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ინფორმაციას 30 იანვარს გამოაქვეყნებს. ის ისევ გეგმავს ცოტნეს მონახულებას.

კვარაცხელიას ინფორმაციით, კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ანა ჯაბაურს უთხრეს, რომ აღარ არის იურიდიული პრობლემა. წარმომადგენლის თქმით, ჯაბაურს მხარდამჭერის მოქმედი სტატუსი აქვს.

28 იანვარს ჯაბა კვარაცხელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც თურქეთში, კლინიკაში იმყოფება, დედას, მანანა არჩვაძეს სრულ იზოლაციაში ჰყავდა.

28 იანვარს ანა ჯაბაურმა თურქეთის სასამართლოს მიმართა. ცოტნე გამსახურდიას ცოლი მოითხოვდა, რომ მისცემოდა ქმრის მონახულების უფლება. გუშინვე გაიგზავნა თურქეთში საქართველოდან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაწერილი წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მოქმედი მხარდამჭერია.

ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავდა, რომ ანა ჯაბაურის თურქი ადვოკატის თქმით, აკრძალვის მთავარი მიზეზი ის დოკუმენტი იყო, რომელიც კლინიკამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო და სადაც წერია, რომ ცოტნე გამსახურდიას მონახულების უფლება მხოლოდ მის დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქვს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG