Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კანონი ექნება


საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს უგზავნის კანონპროექტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ.

30 იანვარს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოაცხადა, რომ საქართველოს მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ექნება კანონი, რომელსაც დიდი ხანია ელოდება შშმ თემი: „ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე დასრულდება ხანა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ შშმ პირი არის ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის საგანი. შშმ პირი გახდება, როგორც ეს არის მაღალდემოკრატიულ ქვეყნებში, სოციალური უფლებების სფეროში დაცვის როგორც ობიექტი, ასევე სუბიექტი“.

კანონპროექტით, მთავრობაში შეიქმნება საქართველოს მიერ 2013 წელს რატიფიცირებული გაეროს კონვენეციის აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანო.

კანონპროექტით განიმარტება, თუ რა არის ჟესტური ენა და განისაზღვრება გონივრული მისადაგების და უნივერსალური თანასწორობის დაცვის პრინციპები.

„მთავარი მიზანია, რომ შშმ პირი თითოეული ჩვენთაგანის თანასწორ პირობებში იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იყოს ყველასთან ერთად თანასწორი არა მხოლოდ კანონის, არამედ სერვისებისა და სხვა მომსახურებების წინაშე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს 2020-2030 წლების პერიოდს, როცა მთავრობას ევალება ათწლიანი სტრატეგიის, ხოლო სამინისტროებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახლებური მოდელი: „ეს არის ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი, რაც გაზრდის ქვეყანაში სტატუს მინიჭებული პირების ოდენობას. გარკვეული ოდენობა შშმ პირების დღეს არის დარჩენილი დაცვის მექანიზმებს მიღმა, იმიტომ, რომ შეფასების მოდელი არ არის ბიო-ფსიქო-სოციალური“.

კანონპროექტით, მუნიციპალიტეტებს ეკისრება ახალი ვალდებულება, ხელი შეუწყონ შშმ პირთა საკონსულტაციო და მომსახურების ცენტრების შექმნას და შემოიღონ ახალი - პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი.

რაც შეეხება შენობებს და ინფრასტრუქტურას, 2014 წელს მიღებული კანონით, ყველა ახლადაშენებული შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებული კანონპროექტით კი, 2020 წლიდან 2035 წლამდე საქართველოში ყველა საჯარო დაწესებულების შენობები შესაბამისმა სამინისტროებმა უნდა გარდაქმნან და „ძველი შენობების“ ადაპტირება ამ 15 წლიან პერიოდში დაასრულონ. ახალი კანონპროექტით, ეს ვალდებულება კერძო სექტორსაც ექნება იმ შენობების შემთხვევაში, სადაც ამა თუ იმ მომსახურების გაწევა ხდება.

კანონპროექტით შემოდის სპეციალური მოსარჩელის სტატუსიც, რაც ნიშნავს, რომ შშმ პირების სასამართლოში დაცვის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები შეძლებენ უფლებების დასაცავად სასამართლოში მათ ნაცვლად იდავონ.

იუსტიციის მინისტრს იმედი აქვს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს ყველა საპარლამენტო კომიტეტი და ყველა პოლიტიკური ძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG