Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი წინააღმდეგია, გამოქვეყნდეს ბოლტონის წიგნი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს


თეთრი სახლი წინააღმდეგია, გამოქვეყნდეს აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის ზოგიერთი თავი, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის მედია და იმოწმებს სახელმწიფო უშიშროების საბჭოსთვის ბოლტონის ადვოკატის მიერ გაგზავნილ წერილს. წერილის თანახმად, ბოლტონის წიგნი საიდუმლო მონაცემებს არშეიცავს.

The New York Times-ი რამდენიმე დღის წინ ბოლტონის ხელნაწერის შავი ვარიანტის შესახებ მიანიშნებდა, რომ ყოფილი მრჩეველი ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა აშშ--ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გაეყინა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, თუ კიევი არ გამოიძიებდა ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის საქმეს. უფროსი ბაიდენი მომავალ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მთავარ მეტოქედ ითვლება.
დემოკრატებს სურთ, რომ ბოლტონი მივიდეს სენატში და ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. ამ იდეას ემხრობა რესპუბლიკელი სენატორი, მიტ რომნიც. არ არის ცხადი, მიემხრობა თუ არა ინიციატივას სენატის უმრავლესობა. რესპუბლიკელების უმეტესობას ამ ეტაპზე არ სურს, სენატში ბოლტონის მოწმედ გამოსვლა.
რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის წინადადებით, დახურულ სესიაზე ბოლტონის გამოსვლის ნაცვლად, უნდა შეისწავლონ მისი ხელნაწერი, რომელსაც The New York Times-ი ეხებოდა. ამ იდეას დემოკრატებმა არ დაუჭირეს მხარი.
კიევზე ტრამპის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის შესახებ ცნობილი გახდა მას მერე, რაც გამოქვეყნდა ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში თვლიან, რომ ტრამპმა გადააჭარბა უფლებამოსილებას და დაიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა. 21 იანვარს სენატმა დაიწყო პრეზიდენტის მიმართ ბრალდებების განხილვა.
მიმომხილველები თვლიან, რომ სენატის რესპუბლიკური უმრავლესობა, გაამართლებენ ტრამპს. ტრამპი უარყოფს, რომ კანონდარღვევა ჩაიდინა. უკრაინის პრეზიდენტმა უარყო ტრამპის მხრიდან ზეწოლა სატელეფონო საუბრის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG