Accessibility links

"დამოუკიდებელი დეპუტატები" მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის მომხრეა


საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები მხარს უჭერენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ნებისმიერ პროცესს, თუ შედეგად საზოგადოება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. ფრაქციის თანახმად, საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები ღია, გამჭვირვალე პროცესით უნდა გაეცეს:

"პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იყო თუ არა მაჩალიკაშვილების ოჯახის რომელიმე წევრი კავშირში ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან ჯგუფებთან, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით გახდა სპეცოპერაციის საფუძველი. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული მასალების გასაჯაროება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულზე პასუხის გაცემას", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად კითხვები რჩება სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც, რომლის საგამოძიებო პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დაიხურა.

განცხადებას ხელს აწერენ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე. ისინი იმ დეპუტატთა შორის არიან, ვისაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარდაჭერის თხოვნით მიმართა პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გუშინ, 29 იანვარს მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულ დეპუტატებს მიმართა. საგანგებო ბრიფინგი მალხაზ მაჩალიკაშვილმა დეპუტატებთან თინა ბოკუჩავასა და ელენე ხოშტარიასთან ერთად ღია ცის ქვეშ, პარლამენტის შენობის წინ გამართა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მას შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცა. 29 იანვარსვე ტელეკომპანია "პირველის" ეთერიდან მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველი პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

კერძოდ, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში კომისიას საქმიანობა სუპერპოლარიზებულ გარემოში მოუწევს და იგი პარტიების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG