Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის მიუკერძოებლად გამოძიებას ითხოვს


ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" „მთავარი არხის“ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიებას ითხოვს. განცხადებაში, რომელიც კოალიციამ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინცინდენტის შედეგად ნიკა გვარამიამ სხეულის დაზიანება მიიღო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაიკითხა თუ არა რომელიმე თვითმხილველი და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულად გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას:

ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოჰყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც მას, როგორც თავად ამბობს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, სახეში ჩაარტყა.

ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელი და ინციდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა. როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, დაკავებისას ისმოდა რეპლიკა „ნაცები კლავენ“.

შსს-მ გამოკითხვაზე 3 პირი გადაიყვანა. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG