Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანმა ეუთოს გენერალურ მდივანს გააცნო ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი ვენაში შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს. საქართველო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა და გრემინგერმა ევროპის საბჭოსა და ეუთოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ურთულეს ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. დავით ზალკალიანმა და ტომას გრემინგერმა განიხილეს ჟენევის მოლაპარაკების მიმდინარეობა და ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების და ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს საქართველოს შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩის, ჯეიმს გილმორის განცხადებასაც. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, საქართველო, მის წინაშე მდგარი საგარეო საფრთხეების მიუხედავად იქცა უსაფრთხოების მომხმარებლიდან უსაფრთხოების დამცველ სახელმწიფოდ: „სწორედ უსაფრთხოების დამცველის რანგში თავმჯდომარეობს დღეს საქართველო ევროპის საბჭოს და გულმოდგინედ იღწვის იმისთვის, რომ დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მართლწესრიგისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზეა აგებული”.

ჯეიმს გილომორის განცხადებით, საქართველო, რომლის უპირველესი პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანებაა, ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG