Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელ მსოფლიოზე გავრცელდა.

მისი სიტყვებით, საქართველო საღამოსთვის ისევ დაელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში და ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის იმპორტი“, - აცხადებს ის.

რაც შეეხება ახალი კოროვანირუსის ტესტირების საშუალებას, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გერმანიასთან, ინგლისთან, აშშ-სა და ჩინეთთან და ის იმედოვნებს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ამ ოთხშაბათს საქართველოს ახალი კორონავირუსის გამოსავლენი ტესტები ექნება.

მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკებები უჰანიდან საქართველოს მოქალაქეთა გამოსაყვანად.

ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მხარე გამოიყვანს და ასევე გადაწყდება, სად გაივლიან ეს ადამიანები 14-დღიან კარანტინს - თურქეთში თუ საქართველოში.

31 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 9000-ზე მეტი მოქალაქე. 213-მდე გაიზარდა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG