Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ბრალი "ქართული ოცნების" 3 წევრს წარედგინა


ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს უმრავლესობის 3 წევრს ბრალი წარედგინა. გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ბრალი წარდგენილია ჯგუფური ძალადობის ფაქტზე.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები 24 იანვარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

​ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტი - ჯგუფური ძალადობა, რომლითაც ბრალი "ქართული ოცნების" 3 წევრს წარედგინა, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG