Accessibility links

logo-print logo-print

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა „რუსთავი 2“-ის წილისთვის დავა განაახლეს


„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა სასამართლოს ხელახლა მიმართეს ტელეკომპანიის სადავო წილთან დაკავშირებით.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლოს ორი დღის წინ მიმართეს.

„ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება“, - წერს კახა კოჟორიძე ფეისბუკის გვერდზე.

მისი სიტყვებით, ელოდებოდა, სასამართლო თავად თუ გაავრცელებდა ინფორმაციას სარჩელის ხელახლა მიღებასთან დაკავშირებით, რაც არ მოხდა. მანამდე საქალაქო სასამართლომ თავად გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველი დარჩა.

17 იანვარს საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომ სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დაწყებული დავა განუხილველი დარჩა და სასამართლომ გააუქმა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილზე დადებული ყადაღაც. სარჩელის განუხილველობის მიზეზად სასამართლო შემდეგ მიზეზს ასახელებდა:

„სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა“.

„რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა 2019 წლის 17 ოქტომბერს შეიტანეს. მათი განცხადებით, 2004 წელს გაფორმებული „ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს“.

სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG