Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს ძალადობის მუხლით


პროკურატურის ცნობით, ბრალი წარუდგინეს თბილისის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს. მას ბრალად ედება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

„გამოძიება ამბობს, რომ მე და ირაკლი ზარქუას თურმე ერთნაირი დაზიანებები გვქონია. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად ნორმალურია ის პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო და მეტიც, ზარქუას, ოთხი დღე რომ იბრიქებოდა, ამ „ჩმორს“, დაავალეს და გამოაქციეს, მას შემდეგ, რაც ჩემი ექსპერტიზა დაიდო და ნახეს, რომ პრობლემა ჰქონდათ. ეს „ჩმორუკა“ მოარბენინეს აქ და დააწერინეს, რომ ხაბეიშვილმა მცემა და თვალი დამილურჯაო. ვივარაუდე, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ, მით უმეტეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა კალაძე, გომელაური და ძალოვანი უწყებები“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები 24 იანვარს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოში.

​ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ჯგუფური ძალადობა, რომლითაც ბრალი „ქართული ოცნების“ 3 წევრს წარედგინა, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG