Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ტაიკვანდოისტი ბულგარეთში გადავიდა და სურს ამ ქვეყნის სახელით გამოვიდეს


ფარზად ზოლღადრი ბულგარეთის გუნდთან ვარჯიშზე, 2020 წლის 30 იანვარს
ფარზად ზოლღადრი ბულგარეთის გუნდთან ვარჯიშზე, 2020 წლის 30 იანვარს

ირანელმა ტაიკვანდოისტმა, ფარზად ზოლღადრიმ, რომელიც ამ თვეში ბულგარეთში გადასახლდა, განაცხადა, რომ სურს ამ ქვეყნის სახელით გამოვიდეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ზოლღადრიმ დასძინა, რომ მის გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. სხვა ქვეყანაში მისი გადასვლა მოჰყვა მისი თანამემამულის, ასევე ტაიკვანდოისტის, ქიმია ალიზადეს, ერთადერთი ირანელი მედალოსანი ქალის, გერმანიაში დარჩენას. ალიზადე აცხადებს, რომ მას ირანის ოფიციალური პირები იყენებდნენ პროპაგანდის იარაღად.

30 იანვარს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ვარჯიშის შემდეგ სოფიაში, ზოლღადრიმ თქვა, რომ ბულგარეთში გადასვლა ბევრად ზრდის მის შანსს, რომ ოლიმპიადაზე მოხვდეს, მაშინ, როცა ირანში სპორტის ეს სახეობა „ძალიან პოპულარულია“. „მე მიყვარს ირანი, ის ჩემი ქვეყანაა“, განუცხადა როიტერსს 27 წლის ზოლღადრიმ და დასძინა: „კონკურენცია იქ ერთობ ძლიერია, ბულგარეთში კი უკეთ შემიძლია ჩემი ოცნების ახდენა“.

ბულგარეთის ტაიკვანდოს ფედერაციის ხელმძღვანელმა, სლავი ბინევმა განაცხადა, რომ ახლა მზადდება პირობები, რათა ზოლღადრიმ აპრილში, მილანში, საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მიიღოს მონაწილეობა.

ზოლღადრიმ 2015 წელს მექსიკაში მსოფლიო თავის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და აზიის ჩემპიონატზე, 2009 წელს, ბრინჯაოს დასჯერდა. მისი მამა წლების განმავლობაში ირანის ტაიკვანდოს ფედერაციაში მუშაობდა და ირანის გუნდის მწვრთნელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG