Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე გვარამიას მიმართ ძალადობაზე: ჩვენ არასოდეს ვიკადრებთ, რომ გავცეთ ასეთი დავალება


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე ძალადობაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია გამოირჩევა უბინძურესი თავდასხმებით თანამოქალაქეებზე: პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და თქვენდა გასაკვირად, ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო“, - თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტის სპიკერი გამოეხმაურა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მასზე თავდასხმაში გია ვოლსკის შტაბის წევრები მონაწილეობდნენ.

„რაც შეეხება ბატონ გია ვოლსკის, ამ საკითხის მასზე გადატანა არის მორიგი ბინძური ბრალდება, რომელიც შედის ნიკა გვარამიას ინტერესებში, რომ ეს საკითხი „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკოსს დაუკავშიროს. ჩვენ არასოდეს ვიკადრებთ, რომ გავცეთ ასეთი დავალება და რომელიმე ადამიანი ჩვენი გარემოცვიდან, ჩვენთან შეთანხმებით ასეთ ქმედებაზე წავიდეს. ეს, ალბათ, იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ნიკა გვარამიას გუნდში არიან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ნიკა გვარამიამ „ფეისბუკის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ის აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, გია ვოლსკისთან არიან დაკავშირებული.

30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც, როგორც თავად ამბობს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა სახეში ჩაარტყა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG