Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: 2020 წელი აშშ-სთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

მთავრობის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივა, რომელიც ახლახან გამოცხადდა.

ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს,“ - თქვა კელი დეგნანმა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ახლად დანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

„სულმოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ - შეერთებულ შტატებში,” - ამბობს ელჩი.

შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული შესაძლებლობები.

„პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებულ შესაძლებლობებზე ორ ქვეყანას შორის. საუბარი შეეხო კონკრეტულ საკითხებს, პრიორიტეტებს, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას და გამოწვევებს რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის ინიფორმაციაში.

კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა.

ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG