Accessibility links

site logo site logo

2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე ერთი ტიპის ტესტი იქნება


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ. მათი განმარტებით, ცვლილება სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

NAEC-ის ცნობით,სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება ოთხი ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება; ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.

ტესტის ნიმუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge 15 თებერვლამდე გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG