Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთიდან საფრანგეთში ევაკუირებულთა ნაწილს კორონავირუსის სიმპტომები აქვს


საფრანგეთის მიერ ჩინეთის ქალაქ უჰანიდან მოქალაქეთა ევაკუაციისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი თვითმფრინავის მგზავრებიდან 20-ს კორონავირუსის 2019-nCoV სიმპტომები აქვს, - ამის შესახებ, DW-ს ინფორმაციით, პარიზში განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბიუზენმა. მისი თქმით, ჩინეთიდან ევაკუირებული საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები სამედიცინო მეთვალურეობის ქვეშ არიან.

საფრანგეთის მიერ ჩინეთში გაგზავნილი კიდევ ერთი თვითმფრინავი 2 თებერვალს დაეშვა მარსელის მახლობლად მდებარე ისტრის სამხედრო აეროდრომზე. ამ თვითმფრინავით უჰანიდან ევკუირებულია 30-მდე ქვეყნის 250 მოქალაქე. მათ შორისაა საქართველოს ორი მოქალაქეც. საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე უჰანიდან თურქეთში ჩაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ჩინეთიდან ყველა ევაკუირებული ორკვირიან კარანტინშია.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

3 თებერვლის დილის მდგომარეობით, ჩინეთში ვირუსით გარდაიცვალა სულ 361 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევებია მსოფლიოს კიდევ ოცზე მეტ ქვეყანაში. ჩინეთის საზღვრებს გარეთ პირველი ლეტალური შედეგი 2 თებერვალს, ფილიპინებზე დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG