Accessibility links

უკრაინა არ დათანხმდა მისი "ბოინგის" ჩამოგდებისთვის ირანისგან შეთავაზებულ კომპენსაციას


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

ირანმა „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპული თითოეული უკრაინელის ოჯახს შესთავაზა 80 000 დოლარის კომპენსაცია, რასაც კიევი არ დათანხმდა. ამის შესახებ 2 თებერვალს ღამით, ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, თუმცა, ირანის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია ძალიან ცოტაა, ამიტომ უკრაინა მეტს მოითხოვს. ზელენსკის ინფორმაციით, კიევი აპირებს თეირანს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს.

ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

ირანის ხელისუფლება კატასტროფის ვერსიად ძრავის გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა, 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი რაკეტით, შეცდომით ჩამოაგდეს.

"ბოინგში" იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG