Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვების გაგრძელებას აპირებს


პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას გააგრძელებს.

მალხახ მაჩალიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უახლოეს მომავალში წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და აცნობებს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას აპირებს. მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვების პროცესში ის სავალ ნაწილს ხელს არ შეუშლის.

„კი არ ვითხოვ, ვაცნობებ, რომ ვაპირებ ისევ ჩემი პროცესის გაგრძელებას“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი და განაგრძობს: „ჯერ ბანერზეა საუბარი, მაგრამ შემდეგ, ალბათ, კარავი დამჭირდება და იმასაც დავდგამ“.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა დასახელდა. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, პროკურატურამ შეწყვიტა ასევე გამოძიება მის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი წელიწადზე მეტია, პანკისის ხეობაში ცატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაჩალიკაშვილების ოჯახს პარლამენტის შენობის წინ კარავი და ბანერი ედგა თვეების განმავლობაში. თბილისის მერიამ, ახალი წლის წინ, საპროტესტო კარვები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის კარავი, აიღო და იქ საბავშვო ატრაქციონები დადგა. მოგვიანებით კი, პარლამენტის წინა ტერიტორია შემოღობეს და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არ განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG