Accessibility links

logo-print logo-print

ვაშაძე: დეპუტატებს პარლამენტში შესვლაში ხელს არ შევუშლით, მაგრამ ვეტყვით, რომ სირცხვილია


გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს წინ 4 თებერვალს 10 საათზე შეიკრიბება. წინასწარი ინფორმაციით, აქცია 13 საათამდე გასტანს. გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირებას მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფორმა ექნება და დეპუტატებს შენობაში შესვლაში ხელი არ შეეშლებათ:

„ეს იქნება სირცხვილის კორიდორი, რომლითაც ჩვენ არ შევუშლით ხელს პარლამენტში შესვლას, მაგრამ მათ, პარლამენტის წევრებს ბევრჯერ მოუწევთ წაკითხვა, რომ სირცხვილია, როცა ისინი პარლამენტში შედიან და უნდა სცხვენოდეს პარლამენტის თითოეულ წევრს.

რაც მთავარია, ჩვენმა მშვიდობიანმა პროტესტმა ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. შედეგები მოიტანა იმ კუთხით, რომ სრულიად დასავლური სამყარო, სენატი, კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო სრულად მხარს უჭერს ჩვენს მშვიდობიან პროტესტს. რაც მთავარია, საზოგადოებაში არის საოცრად პოზიტიური განწყობა იმ მშვიდობიან, კანონის შესაბამის ფორმებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

4 თებერვალს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ორი საპარლამენტო პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG