Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველო ისევ დაბალი რისკის ზონაშია - ამირან გამყრელიძე


„საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა 3 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, რომელსაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს, ჩინეთში გამოვლენილია კორონავირუსის 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. გარდაცვლილია 361 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 475 ადამიანი. დაფიქსირებულია 5000 სავარაუდო შემთხვევა, სულ კი დაკვირვების ქვეშ არის ვირუსის მქონე ადამიანთან კონტაქტში მყოფი 21 500 პირი.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია, როგორც ცნობილია, გასცდა ჩინეთს და გუშინდელი მონაცემების თანახმად, 25 ქვეყანაში გამოვლენილია 157 შემთხვევა. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში - 20, ტაილანდში - 19, სინგაპურში - 18, ტაივანში - 11, მალაიზიაში - 8, სამხრეთ კორეაში - 15, აშშ-ში - 7, გერმანიაში - 7, საფრანგეთში - 6 და ა.შ.

კორონავირუსით გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ, ფილიპინებზე. 4 ქვეყანაში კი დადასტურდა ჩინეთში არმყოფ ადამიანებზე ვირუსის გადადების 8 შემთხვევა.

ამ ფონზე, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო რჩება დაბალი რისკის ქვეყნების ჯგუფში.

დღეს საქართველოში დაკვირვების ქვეშაა სამი ადამიანი, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან და სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც იმყოფებდნენ ჩინეთში, მათ შორის, ერთ-ერთი ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

2 ადამიანის სინჯები გაგზავნილია ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და პასუხებს ხვალ ელიან. სიახლეა ისიც, განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომ, სავარაუდოდ, ხვალიდანვე საქართველოსაც ექნება ლაბორატორიული საშუალება, რომლითაც ამ ქვეტიპის ვირუსის დიაგნოსტირება საქართველოში მოხერხდება და სინჯების საზღვარგარეთ გაგზავნა აღარ იქნება საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG