Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანანა არჩვაძეს და ანა ჯაბაურს ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად დრო ცალ-ცალკე გამოუყვეს


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა ჯაბა კვარაცხელიამ. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ესმის და გარკვეული დავალებების შესრულება შეუძლია:

ანა ჯაბაურმა რამდენჯერმე გაუმეორა ცოტნეს ერთი და იგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა. ანამ აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე ცოტნემ ეს თხოვნა შეასრულა, რაც მნიშვნელოვანი ელემენტია ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის განსასაზღვრავად. ის კონტაქტურია, ესმის, ინფორმაცია გადაამუშავა და შესრულების შესაძლებლობაც ჰქონდა“, - განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ. მან აღნიშნა, რომ გაკეთდება ახალი ტომოგრაფია, რომელიც დაადგენს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მკურნალობის სამომავლო მეთოდები.

ჯაბა კვარაცხელიამ განმარტება გააკეთა ასევე ანა ჯაბაურისა და მანანა გამსახურდიას ურთიერთობების საკითხზეც. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახური კონფლიქტი შედარებით მოგვარებულია და უთანხმოების გამო მათ ცოტნეს მოსანახულებლად ცალ-ცალკე აქვთ დრო გამოყოფილი:

„ჰოსპიტალისგან მოწოდებული ინფორმაციით, მათ შეატყობინეს ქალბატონ მანანას, რომ აღარ არსებობდა ქალბატონი ანას წინაღობის რაიმე იურიდიული საფუძველი და უნდა დაეშვათ და ქალბატონი მანანასგან იყო ასეთი რეაქცია, რომ თუ ანა შევიდოდა, ის საერთოდ არ მოვიდოდა ჰოსპიტალში და ორიოდე დღის განმავლობაში მან მართლაც შეასრულა ეს პირობა, თუმცა მერე ისევ გამოჩნდა“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ინტერესების დამცველმა.

28 იანვარს ანა ჯაბაურის წარმომადგენელმა ჯაბა კვარაცხელიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის კლინიკაში მანანა გამსახურდია შვილს იზოლაციაში ამყოფებდა და მეუღლეს მისი მონახულების უფლებას არ აძლევდა.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG