Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო არასამთავრობოები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ


„საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი ვართ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისით და მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი ზიანისგან დავიცვათ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 18 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

სამოქალაქო სექტორის ადრესატები არიან:

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ქ-ნი მიშელ ბაჩელეტი,
  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ქ-ნი დუნია მიატოვიჩი,
  • ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ბ-ნი ეიმონ გილმორი,
  • ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ბ-ნი ტოივო კლაარი,
  • ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ბ-ნი რუდოლფ მიხალკა,
  • გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ქ-ნი ჯიჰან სულთანოღლუ,
  • Amnesty International-ის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი ჯული ვერჰაარი,
  • Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი კენეთ როტი,
  • Freedom House-ის პრეზიდენტი, ბ-ნი მაიკლ აბრამოვიცი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სრულად დაიკეტა მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის, რადგან მათი უმეტესობა ამ პუნქტს ყოველდღიურად, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და სოციალური სერვისების მისაღებად იყენებს, აგრეთვე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

„მოსაბრუნი-ოძისის გადასასვლელი, რომლითაც დღეში საშუალოდ 400 ადამიანი სარგებლობდა, ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. უცნობია როდის მოხდება დაწესებული შეზღუდვის გაუქმება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას - როგორც ქართველებს, ისე ოსებს - საფრთხის წინაშე აყენებს. არაერთმა ახალგორელმა გადაადგილების აკრძალვამდე დატოვა საკუთარი სახლი და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა. ადგილზე დარჩენილები კი, რომელთა რაოდენობა 1,000 ადამიანს აღწევს, მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის, მათ შორის საკვების უკმარისობის და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე გაძვირებული ფასების პირისპირ აღმოჩნენ“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის თანახმად, შეზღუდვამ უკვე იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი:

„ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ახალგორის ათამდე მცხოვრები გარდაიცვალა. მათ შორისაა სოფელ იკოთის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნება არ დართო“.

მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერსა და იანვარში დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გახსნა საზღვარი, რითიც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ისარგებლა, სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ ეს ზომები არასაკმარისია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად.

„არცთუ ისე იშვიათია ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევებიც, მათ შორის, უკანონო პატიმრობა და სიცოცხლის ხელყოფა. ამას ადასტურებს დავით ბაშარულის (2014 წ.), გიგა ოთხოზორიას (2016 წ.), არჩილ ტატუნაშვილის (2018 წ.) და ირაკლი კვარაცხელიას (2019 წ.) გარდაცვალების საქმეები“, - ნათქვამია არასამთავრობოთა მიმართვაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.

„შესაბამისად, მოგიწოდებთ გაზარდოთ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის მქონე ძალაზე, რათა დაუყოვნებლივ გაიხსნას ოძისი-მოსაბრუნის გადასასვლელი, შეწყდეს სამოქალაქო პირების უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან და საერთაშორისო მონიტორინგის მისიებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის შესაძლებლობა. ასევე,მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ყველა საჭირო ზომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად მისაწოდებლად“.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • მწვანე ალტერნატივა
  • ევროპის ფონდი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG