Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს


გიორგი ჩოგოვაძე
გიორგი ჩოგოვაძე

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მისი წარდგენისას განაცხადა, რომ გიორგი ჩოგოვაძის დანიშვნა სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად „გუნდური თათბირის“ შედეგად, მისი კარგი მენეჯერული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების საფუძველზე იქნა მიღებული. მინისტრი ფიქრობს, რომ გიორგი ჩოგოვაძე წარმატებით გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც, მისი მოლოდინით, „ჰოლდინგს ნამდვილად ექნება“.

სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ-სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, კლინიკები განვითარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში იგეგმება ასევე რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებების ეტაპობრივი ჩართვა.

„შემდეგ ეტაპზე ჰოლდინგს შეუერთდებიან რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს გეოგრაფიული დაფარვის სრული მოცვა. საქართველოს რუკის დამუშავებაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, სადაც გვაქვს დეფიციტი და შემდგომში ბატონი გიორგი მოახდენს ამ რუკის უფრო მეტად დახვეწას და ჩამოყალიბდება სისტემური სტრუქტურა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ გიორგი ჩოგოვაძის წარდგენისას.

გიორგი ჩოგოვაძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა „აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თანამდებობა. მანამდე მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

საქართველოში სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე თვის წინ, 2019 წლის ნოემბერში განაცხადა. მისი თქმით, ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და ნაცვლად საპარტნიორო ფონდისა, სახელმწიფოს მართვაში იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG