Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა ცნობები, რომ სირიაში დაიღუპა ფსბ-ს ოთხი ოფიცერი


გავრცელდა ცნობები, რომ სირიაში დაიღუპა რუსეთის ფსბ-ს ოთხი ოფიცერი. მათი სიკვდილი ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

რუსი ოფიცრების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია კვირას გაჩნდა სოცქსელ ტელეგრამის რამდენიმე არხში, სადაც წერენ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობაზე, მათ შორის, კრემლის მხარდამჭერი პოზიციებიდან. იუწყებოდნენ, რომ ისინი ნაღმსატყორცნების ცეცხლში მოყვნენ ალეპოს რაიონში. სამგლოვიარო ხასიათის პოსტებში გამოქვეყნდა ოფიცრების ფოტოები.

სირიაში ფსბ-ს თანამშრომელთა სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ორშაბათს ავრცელებს გამოცემა Baza-ც. მისი მონაცემებით, ოფიცრების ავტომობილი აფეთქდა ფუგასზე, რის შემდეგაც დაჭრილი მეომრები ოპოზიციას ჩაუვარდნენ ხელში და მოკლულ იქნენ. Baza არ წერს, საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია.

გამომძიებელმა ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა დაადგინა, რომ სურათებზე გამოსახული ოფიცრებიდან რამდენიმე მაინც მართლაც მსახურობდა ფსბ-ში. ის ასევე იტყობინება, რომ სამშაბათს გამოაქვეყნებს საგამოძიებო მასალას სირიაში ფსბ-ს მუშაობის შესახებ.

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, პროვინცია იდლიბში და ქალაქ ალეპოს დასავლეთით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები რუსეთის სამხედროების მხარდაჭერით აწარმოებენ იერიშს შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ. იტყობინებიან სისხლისმღვრელი შეტაკებების შესახებ, რომლებშიც იღუპება ათობით ადამიანი, მათ შორის, სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG