Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი არ გამოუვლინდათ საფრანგეთსა და თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს


უჰანიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან, საფრანგეთში ევაკუირებული საქართველოს 2 მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნება, მათ კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

საკარანტინო პირობებში იმყოფება უჰანიდან 1 თებერვალს თურქეთში ევაკუირებული საქართველოს 3 მოქალაქეც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსი არც მათ გამოვლენიათ, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა მიაწოდა.

„გუშინ დამატებით განხორციელდა საქართველოს 2 მოქალაქის ევაკუაცია ქალაქ უჰანიდან საფრანგეთში. ისინი დღეისათვის იმყოფებიან საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც 2 კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას. პირველადი მონაცემებით, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სიმპტომი არ გამოვლენილა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი სიტყვებით, თურქეთში ევაკუირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსის სიმპტომები არც მათთან აღმოჩენილა.

„გუშინწინ განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ, როდესაც ჩვენი 3 მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ ასევე ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის სიმპტომები ამ შემთხვევაშიც არ იქნა აღმოჩენილი. ჩვენი საელჩოები საფრანგეთსა და თურქეთში აგრძელებენ შესაბამის მონიტორინგს და ინფორმაციას საზოგადოებას მათი მდგომარეობის შესახებ მივაწვდით მიმდინარე რეჟიმში“, - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ქალაქ უჰანიდან.

3 თებერვლის დილის მდგომარეობით, ჩინეთში ვირუსით გარდაიცვალა სულ 361 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევებია მსოფლიოს კიდევ ოცზე მეტ ქვეყანაში. ჩინეთის საზღვრებს გარეთ პირველი ლეტალური შედეგი 2 თებერვალს, ფილიპინებზე დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG