Accessibility links

15 ფაქტი კორონავირუსის გავრცელების შესახებ - რა ვიცით დღეს


სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქ უჰანში, ჩინეთი

ორშაბათს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 56-ით გაიზარდა დან 350 გახდა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

ბოლო ამბები კორონავირუსის შესახებ ასეთია:

**კვირის მონაცემებით, ჩინეთის მასშტაბით, კორონავირუსის ეპიდემიას 361 ადამიანი ემსხვერპლა - ეს ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სტატისტიკაა.

**კვირის მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა 2829-ით მოიმატა და სულ 17 205 გახდა.

**სულ მცირე 171 შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, რუსეთში, ესპანეთში, ტაილანდში, აშშ-ში და კიდევ 14 ქვეყანასა და რეგიონში.

** ჩინეთის გარეთ სიკვდილის პირველი შემთხვევა კვირას დაფიქსირდა - ფილიპინებში გარდაიცვალა 44 წლის ჩინელი კაცი, რომელიც იქ ვუჰანის პროვინციიდან ჩავიდა.

** ჩინური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა ორშაბათს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჩატარებული ვაჭრობის პირველ დღეს.

** ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ის 1,2 ტრილიონ იენს (173,8 მილიარდ დოლარს) გამოყოფს ვირუსის გამო დაზარალებული კომპანიების დასახმარებლად.

** ჩინური მონაცემების მიხედვით ეს ვირუსი ნაკლებად ფატალურია, ვიდრე 2002-03 წლებში გავრცელებული SARS-ის ვირუსი იყო, რომლითაც ინფიცირებული 8000 ადამიანიდან 800 გარდაიცვალა.

** მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეპიდემია საერთაშორისო მასშტაბის საშიშროებად გამოაცხადა.

** აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, ტაილანდში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები, რაც გავრცელების მზარდ პოტენციალზე მიანიშნებს.

** ეპიდემიის ეპიცენტრი - ქალაქი ვუჰანი და მისი მიმდებარე პროვინცია ჰუბეი კარანტინის ქვეშაა.

** აშშ, ავსტრალია, სინგაპური, ახალი ზელანდია და ვიეტნამი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც აკრძალეს ქვეყანაში შესვლა უცხოელებისთვის, რომლებიც ბოლო დროს ჩინეთში იყვნენ.

** შაბათს კომპანია „ეფლმა“ გამოაცხადა, რომ დახურა ჩინეთში არსებულ ყველა მაღაზია და ოფისი. ქვეყანაში მგზავრობა შეზღუდეს სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც.

** საერთაშორისო ავიახაზებმა შეაჩერეს ან შეამცირეს ფრენები ჩინეთის დიდ ქალაქებში.

** რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, რომელიც ჩინეთში უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ან მას ჩატარების ადგილი შეუცვალეს.

** ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა, მიუხედავად სამედიცინო გაერთიანებების მოწოდებისა, პარასკევს უარი განაცხადა კონტინენტურ ჩინეთთან საზღვრის დაკეტვაზე.

სტატია მომზადებულია სააგენტო როიტერის მასალების მიხედვით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG