Accessibility links

site logo site logo

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კიევში ჩავიდა ვიზიტით


რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2020 წ. 3 თებერვალი.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კიევში ჩავიდა ვიზიტით და მოლაპარაკებები გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთი თემა იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და კონფლიქტი დონბასში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს მხარდაჭერისთვის რუსეთთან კიევის დაპირისპირებაში. მისი თქმით, თურქეთი მზადაა, დახმარება გაწიოს რუსეთში პატიმრობაში მყოფი და დაკავებული უკრაინელების, მათ შორის ყირიმელი თათრების გათავისუფლების საქმეში.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. მისი თქმით, ანკარა მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ერდოანმა საპატიო ყარაულს მიმართა სიტყვებით: „დიდება უკრაინას!“. „დიდება გმირებს!“ - უპასუხეს უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებმა.

ვიზიტი მიმდინარეობს სირიის გამო რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე. თურქეთმა რუსეთს ბრალი დასდო, რომ ის ხელს არ უშლის იერიშს, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ ახორციელებენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები პროვინცია იდლიბში. ამ იერიშის დროს დაიღუპნენ თურქი სამხედროები, რომლებიც სამეთვალყურეო პუნქტში იმყოფებოდნენ. ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა საპასუხო ზომებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG