Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჟურნალისტი: თბილისში წარმატებით ჩატარდა აიოვის კოკუსი


თბილისში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტი, ჯოშუა კუჩერა, ტვიტერით წერს, რომ თბილისმა 3 თებერვალს წარმატებით უმასპინძლა აიოვის შტატში მცხოვრები და ამჟამად საქართველოში მყოფი აშშ-ის მოქალაქეების ე.წ. კოკუსს, წინასაარჩევნო შეკრებას, სადაც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდაჭერას გამოხატავენ.

„თბილისის კოკუსი წარმატებით ჩატარდა, აიოვის ტრადიციულ საკვებთან, პიცასა და რანჩოს საწებელთან ერთად, რასაც ქართულ ღვინოს ვაყოლებდით. შედეგები გამოცხადდება მთლიან შედეგებთან ერთად, მას შემდეგ, რაც კოკუსები აიოვაში ჩატარდება“.

კოკუსი წარმოადგენს შეხვედრების ტრადიციულ ფორმატს, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან, რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს მხარდაჭერას აღუთქვამენ და ცდილობენ, სხვებიც დაარწმუნონ მათ შემოუერთდნენ.

კოკუსი და პრაიმერისი აშშ-ის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და წინასაარჩევნო პროცედურებია, თუმცა ისინი ოდნავ განსხვავდება ერთმანეთიგან. პრაიმერისს სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობები მართავენ, კოკუსები კი კერძო ღონისძიებებია, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით იმართება.

2020 წელს პირველად მოხდა, რომ აიოველებს „სატელიტური კოკუსის“, ანუ კოკუსის საზღვარგარეთ ჩატარების უფლება მიეცათ. აიოველების თხოვნით, თბილისის გარდა, სატელიტური კოკუსი კიდევ ორ ქალაქში, პარიზსა და გლაზგოში იმართება. თბილისში კოკუსში მონაწილეობის მისაღებად სამი მოქალაქე იყო დარეგისტრირებული. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნების მასპინძლობა, ჯოშუა კუჩერამ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ხმას განუცხადა, „მე ამაყი აიოველი ვარ, აიოვისადმი ნოსტალგია მაქვს და მინდა, აიოვური საქმეები ვაკეთოო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG