Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი შოთაძე: ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრე


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭომ დაიწყო გასაუბრება გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილ ირაკლი შოთაძესთან.

იურისტმა ირაკლი შოთაძემ, რომელსაც ერთხელ უკვე ეკავა ეს თანამდებობა და ხელმეორედ ამ პოსტზე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა, საპროკურორო საბჭოს წინაშე შესავალი სიტყვა წაიკითხა და განაცხადა, რომ პროკურატურა ის ორგანოა, სადაც ყველა კარიერული საფეხური გაიარა, რომელ უწყებასაც გულშემატკივრობს და სურვილი აქვს კვლავ ჩაუდგას უწყებას სათავეში.

შოთაძემ განაცხადა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მან "ბევრი ფიქრის შემდეგ" გადაწყვიტა და რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება "ადვილი არ ყოფილა", რადგან მან პირადი განცხადების გარეშე დატოვა თანამდებობა „საზოგადაოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით“.

შოთაძის განცხადებით, ხშირად პროკურატურის კრიტიკას საფუძვლად უდევს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი.

„ჩემ მიმართ დღესაც ისმის ასეთი ბრალდებები, რაც არის სიცრუე და პოლიტიკური სპეკულაცია. ეს ჩემთვის არის მოტივატორი, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს. უსაფუძვლოა საპროკურორო საბჭოს კრიტიკა პროკურატურის დამოუკიდებლობაზეც, განსაკუთრებით გამოვყოფდი საბჭოს წვერის, ოთარ კახისძის შეფასებებს“, - განაცხადა შოთაძემ.

შესავალ სიტყვაში მან ასევე განაცხადა, რომ პროკურატურაში რეფორმა უნდა გაგრძელდეს და რომ ის მზად არის ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, პარლამენტი კი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG