Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი შოთაძე: ჩემი გადადგომისას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა


საპროკურორო საბჭოს წინაშე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თითქმის ორსაათიანი გამოსვლის შემდეგ მასთან გასაუბრება კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

ყოფილ მთავარ პროკურორს ჰკითხეს, რატომ გადადგა მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წელს და მისი გენერალური პროკურორობის შემთხვევაში, ისევ რომ შეიქმნას მსგავსი კრიტიკული სიტუაცია, ხომ არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ მან ისევ დატოვოს თანამდებობა?

„ამ საკითხზე ადრეც არაერთხელ ვისაუბრე და ახლაც ვიმეორებ: მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როცა ძალიან მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე გაჩნდა საზოგადოებასთან კომუნიკაცის პრობლემა. თუმცა ვფიქრობ, მაშინ შექმნილი სიტუაცია გამოწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ. ამ ვითარებაში ჩემი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ დამენახებინა საზოგადოებისათვის, რომ ჩემთვის ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა და ეს იყო მხოლოდ შესაძლებლობა, კანონის სამსახურში ვყოფილიყავი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს ასევე ჰკითხეს, მისი გადადგომა და შემდგომ განვითარებული მოვლენები ხომ არ გამოიწვია იმან, რომ მას კონკრეტულად დაზარალებულ ზაზა სარალიძესთან ჰქონდა ნაკლები კომუნიკაცია? შოთაძის შეფასებით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი იყო პრობლემური მაშინაც და პრობლემად რჩება დღესაც.

„ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სათათბირო ორგანო, სადაც დაზარალებულებს შეეძლებათ თავიანთი პრეტენზიების თუ მოსაზრებების გამოხატვა. საუბარი იმაზე, თუ პროცესში არის ხარვეზები ან გადაცდომა. თუ მე გავხდები გენერალური პროკურორი, ამის გაკეთებას ვგეგმავ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე ერთ-ერთია იმ 17 კანდიდატს შორის, რომლებიც აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა მას შემდეგ, რაც მას ამისკენ მოუწოდებდა მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი ხალხი. საპროტესტო აქცია იმართებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის პოსტზე შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს. საკანონმდებლო ორგანო კი უმრავლესობით აირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG