Accessibility links

logo-print logo-print

ჩუგოშვილი შოთაძეზე: არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდგომ უკან მობრუნება


პარლამენტის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერის, უფრაქციო დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, როგორც კი გენერალური პროკურორობის კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძის გვარი დასახელდა, გასაგები გახდა, რომ სწორედ ის დაბრუნდება პროკურატურის ხელმძღვანელად.

„მიუხედავად იმისა, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც საპროკურორო მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და სისხლის სამართალშიც საკმაოდ კარგი პროფესიონალია, მან თავად დატოვა თანამდებობა, თანაც დატოვა თანამდებობა ისეთ ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ძალიან დიდ აღელვებას და აღშფოთებას. მე უბრალოდ არ მიმაჩნია სწორად ასეთი წასვლის შემდგომ უკან მობრუნება იგივე თანამდებობაზე“, - უთხრა დღეს, 4 თებერვალს ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. დეპუტატის თქმით, არ აპირებს ირაკლი შოთაძის განსჯას, მაგრამ მის ნაცვლად ასე არ მოიქცეოდა.

საპროკურორო საბჭო დღევანდელ სხდომაზე უსმენს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. მისი კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის მაისში დატოვა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგად.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის 12 დეკემბერს, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG