Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფირმას სურს, ლე პენის პარტიისგან დაიბრუნოს 11 მილიონამდე დოლარის სესხი


რუსეთში თვითმფრინავების ნაწილების მაწარმოებელი, უცნობი კომპანია უჩივის მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით მოქმედ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიას, რათა დაიბრუნოს 10,8 მილიონი დოლარი, რომელიც 2014 წელს სესხის სახით გაიცა საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში პირველი მოსმენა 2 ივნისს არის დანიშნული, - იუწყება რუსეთის საგამოძიებო ვებსაიტი Open Media, სასამართლოს დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

ლე პენი არ მალავს თავის სიმპათიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ, ის რამდენჯერმე იყო ჩასული მოსკოვში მაღალი რანგის მოლაპარაკებებზე. ლე პენი აკრიტიკებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა, მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

მოსკოვში განთავსებულმა First Czech Russian Bank-მა სესხი 2014 წლის სექტემბერში გამოუყო ლე პენის ეროვნული ფრონტის პარტიას, რომელსაც შემდგომში სახელი გადაერქვა და ეროვნული გაერთიანება ეწოდა. პარტიას ფული იმის გამო ესაჭიროებოდა, რომ საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნების ბანკებმა უარი განაცხადეს მისთვის სესხის მიცემაზე 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, - უთხრა პარტიის ყოფილმა ხაზინადარმა, ვალერან დე სენმა რადიო თავისუფლებას.

სესხის გაცემის დროს ეროვნული ფრონტის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ამ პარტიას კრემლი იყენებდა საფრანგეთში საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის. დე სენი ამბობს, რომ სესხს, რომელიც ამჟამად დახურულმა რუსეთის ბანკმა გასცა, "საერთო არაფერი ჰქონდა ბატონ პუტინის ინტერესებთან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG