Accessibility links

logo-print logo-print

EMC - ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

ორგანიზაციის მიერ ამ ფაქტის გამო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება, სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს.

„საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით, ისევე, როგორც მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც გაძლიერებისა და სიღარიბიდან ამოყვანის სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კვლავ სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

EMC ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოებას აკისრებს. ორგანიზაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შემდეგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმირება იმგვარად, რომელიც სამართლიანად გადაანაწილებს სახელმწიფოს ფინანსურ და სხვა ტიპის რესურსებს მოწყვლად ჯგუფებს შორის, მიზნად დაისახავს მათი სიღარიბიდან ამოყვანას და მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული;
  • უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ უსახლკარო შინამეურნეობების (მათ შორის, სახელმწიფო და კერძო ობიექტებში თვითდახმარების მიზნით შესახლებული პირების) საჭიროებებისა და საცხოვრებელი გარემოს შეფასება, რომლის შედეგადაც მოხდება მათი დაკმაყოფილება უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისისა და სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისით;
  • უმოკლეს ვადაში შექმნან სხვადასხვა უსახლკარო ჯგუფის აღრიცხვისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია, რომელიც ერთგვაროვანი იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის და გამორიცხავს რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაქრობას სახელმწიფოს ხედვის არეალიდან;
  • შექმნან უსახლკარობის პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკა (მათ შორის, სერვისები), რომელიც იქნება სოციალურად მოწყვლადი პირების საჭიროებებზე დაფუძნებული, გრძელვადიანი და მიზნად მათი ამგვარი მდგომარეობიდან ამოყვანას დაისახავს.

ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი, მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი ქალი. ტრაგედია 3 თებერვალს მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG