Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ


განათლების სამინისტროსთან უცხოეთიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლის მსურველი სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი მობილობისთვის სავალდებულო გამოცდის სახით უნარების ტესტის გაუქმებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილე სტუდენტებმა რამდენჯერმე სცადეს საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

სტუდენტების განცხადებით, წუხელ ადგილზე გაშლილ კარვებში გაათიეს და მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ გადმოვედით კიევის ტურიზმის, ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტიდან და ვაპროტესტებთ იმას, რომ განათლების სამინისტრომ დაგვიყენა ბარიერად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება, რაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ დაუყენებიათ. გარდა ამისა, 2020 წელს უნარების გამოცდა გახდა არჩევითი და როდესაც ვთხოვეთ, სხვა საგნით შეეცვალათ, უფრო რთული საგნით, მათემატიკით შეგვიცვალეს. განათლების მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, გვითხრა, რომ თავის სტუდენტებს ჩვენ ვერ შეგვადარებდა. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, მივმართავთ უკიდურეს ზომებს, რათა ჩვენი მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული“, - განაცხადა სტუდენტმა სოფო ფოსურმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი სტუდენტთა საპროტესტო მოთხოვნებს გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, ვალდებულია ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 09/ ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყანაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

„სტუდენტები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად, კომპეტენციების დადასტურების მიზნით, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას, ზემოთ თქმული ვალდებულების თაობაზე წელიწადზე მეტია ინფორმირებულები არიან. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მათ მიეწოდათ ინფორმაცია მინისტრის ბრძანების შესახებ, შესაბამისად, მათი მოთხოვნა გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით არასამართლიანია“, - აცხადებს გენადი მარგველაშვილი.

სტუდენტების თქმით, ხვალ უნარების გამოცდა 360 ახალგაზრდას აქვს და აქციის მონაწილეები გამოცდაზე გასვლას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG