Accessibility links

logo-print logo-print

„ეს გაკვეთილია ყველასთვის“, - ამბობს ლუკაშენკო შაქრის ქარხნების დირექტორების მასობრივ დაპატიმრებაზე


ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 4 თებერვალს დაადასტურა, უშიშროების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის ოთხივე შაქრის ქარხნის დირექტორის დაპატიმრება, რომლებმაც, ბელარუსის ლიდერის თქმით, მოსკოვში შექმნეს სავაჭრო სახლი, რათა იაფად შეტანილი შაქარი მაღალ ფასებში გაეყიდათ და დიდი ოდენობით ქრთამი აეღოთ.

„ერთ დღე-ღამეში დავაპატიმრეთ ყველა - ეს იყო ჩემი სასტიკი ბრძანება. ყველამ მისცა ჩვენება. არავისზე ზეწოლა არ მომხდარა, არავინ გაულახავთ და კარებში თითები არავისთვის მოუყოლინებიათ. ჩასვეს და უთხრეს, რომ მხოლოდ სიმართლე ელაპარაკათ. ყველამ დაწერა, თუ ვისთან იყვნენ დაკავშირებული, ვინ მიჰყავდათ და ფულს ვის აძლევდნენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომლის სიტყვებიც სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ მოჰყავს.

ბელარუსში შაქრის ოთხივე ქარხნის დირექტორის გაუჩინარების შესახებ იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი. ორშაბათს, 27 იანვრიდან დაწყებული, სამსახურში არ გამოჩენილა არც ერთი დირექტორი. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იუწყებოდნენ „შაქრის საქმეზე“ 11 პირის დაპატიმრების შესახებ, მაგრამ ამ ცნობას არ ადასტურებდა არც ბელარუსის უშიშროების სამსახური და არც საგამოძიებო კომიტეტი.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ იგი სახელმწიფო ინტერესებს იცავს და არ დაუშვებს, რომ მსგავსი „ნაძირლები“ ყველას თვალწინ „თავხედურად“ ქურდობდნენ. „ეს განა ნორმალურია? არანორმალურია! ამიტომ ეს იქნება გაკვეთილი ყველა დირექტორისათვის“, - აცხადებს ლუკაშენკო.

თუმცა ასეთი საჩვენებელი სერიული დაპატიმრება ბელარუსში არ არის ახალი. 2018 წელს იქ დააპატიმრეს სამედიცინო სფეროს რამდენიმე ათეული მაღალი რანგის მოხელე. მანამდე კი იყო „მებაჟეთა საქმე“, როდესაც გროდნოსა და გომელის რაიონებში რამდენიმე ათეული მებაჟე მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG