Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო პასუხობს აქციის მონაწილე უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს


განათლების სამინისტროში პასუხობენ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნების სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება ქართულ უნივერსიტეტებში სურთ. ისინი განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას მოითხოვენ.

განათლების სამინისტროს სტუდენტთა ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ეკა რურუას თქმით, ამ პირებთან შეხვედრები სამინისტროში 28-29 იანვარს შედგა: მათ უმაღლესი განათლების და მეცნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესაუბრნენ.

„ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც 2019 წლის 1 იანვრიდან მოიპოვებდა სწავლის უფლებას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, ზოგადი უნარების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნებში სწავლის უფლება. იმის თქმა მინდა, რომ მათ იმ ქვეყნის პირობები დააკმაყოფილეს და ჩაერიცხნენ; ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს მოთხოვნები და კანონმდებლობა იყოს დაკმაყოფილებული - ამ გზით მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება საქართველოს უნივერსიტეტებში.

პრივილეგირებულ მდგომარეობაში ნამდვილად არიან, იმიტომ, რომ საქართველოში აბიტურიენტებს უწევთ ოთხი გამოცდის ჩაბარება, სამი სავალდებულოს და ერთი არჩევითის. ამ პირებს კი მხოლოდ ერთის“, - განმარტავს ეკა რურუა. ზოგადი უნარების გამოცდის გარდა მათ ერთი პირობა აქვთ დასაკმაყოფილებელი: სწავლის პერიოდში ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა დაადასტურონ, რომ უცხო ქვეყანაში ნამდვილად იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ საქართველოში სწავლის გაგრძელება იმ უნივერსიტეტში, რომელიც გასცემს თანხმობას, რომ აქვს ვაკანტური ადგილი.

განსხვავებული რეგულაცია მოქმედებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება და სწორედ, ამას აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქე სტუდენტები.

„უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის სურვილის შემთხვევაში უწევთ პროგრამის ენაში კომპეტენციის დადასტურება ანუ გასაუბრება ენის ფლობაზე. განათლების სამინისტრო ოფიციალურად მათგან არ მოითხოვს ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარებას“, - ამბობს ეკა რურუა.

ოთხ თებერვალს განათლების სამინისტროდან პარლამენტთან გადმოინაცვლეს საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების სტუდენტებმა. ისინი ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებას მოითხოვდნენ.

ზოგადი უნარების გამოცდა 5 თებერვალს არის დანიშნული და სულ 343 სტუდენტია დარეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG