Accessibility links

site logo site logo

ზალკალიანის თქმით, აშშ-ში ექსპერტულ წრეებს ოპოზიციასთან დიალოგზე ბოლო ინფორმაცია მიაწოდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო „German Marshal Fund”-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში. ღონისძიება მიეძღვნა ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.

როგორც სამინისტრო იტყობინება, მინისტრმა სხვა საკითხების გარდა, საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპებით და საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას.

„როდესაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაშიც, რადგანაც წარმატებული საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ბუნებრივია, ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა. ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია და არა ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გარკვეულწილად სუბიექტურ ფაქტორებზე არის დაყრდნობილი. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი. მივაწოდე ბოლო ინფორმაცია იმ მოლაპარაკების პროცესზე, რაც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მთავარია, რომ დიალოგი გახსნილია და ყველა ძალა, ვინც კი ჩართულია პროცესში, საუბრობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ახლა ყველა უნდა მიისწრაფოდეს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყნისთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ოკუპაცია და მავთულხლართების გავლება, ქვეყანა არ დადგეს ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ეს 2012 წლის შემდგომ ტარდებოდა – დემოკრატიულად, გამჭვირვალედ, ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად“, – თქვა მინისტრმა.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG