Accessibility links

logo-print logo-print

უმრავლესობის დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ დისკომფორტს არ უქმნით


ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი „სირცხვილის კორიდორის“ პარალელურად პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, მათ პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე აქცია დისკომფორტს არ უქმნით.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის თქმით, მას არ შერცხვება „სირცხვილის კორიდორში“ გავლის.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ კორიდორს აწყობს, სირცხვილი თვითონ ეგ არის და იქ გავლა ნამდვილად არ შემრცხვება. ჩვენ უმრავლესობის და სხვადასხვა ფორმატებში გვაქვს შეხვედრები“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეეშინდა თუ არა „სირცხვილის კორიდორის“, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლადო კახაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციის გამოხატვის უფლებაა, რა სახის აქციას მოაწყობს.

„ახლა მე გავდივარ შენობიდან და ისევ შემოვალ, კიდევ დამჭირდება გასვლა - კიდევ შემოვალ. ომის დროს, როცა იბომბება, მაშინაც ოპერაცია კეთდება, ბატონებო და ახლა ჩვენ ყველანი თავ-თავის [საქმეს ვაკეთებთ], ეს არის ოპოზიციის ქმედება, როგორ შემიძლია ავუკრძალო ან დირექტივა გავცე, ეს არის მათი არჩევანი, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, მთავარია, ჩვენ ერთმანეთს კონსტიტუციურად არ დავუპირისპირდეთ“, - ამბობს ლადო კახაძე.

პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით ხელში პარლამენტის შენობის შესასვლელებთან დგანან და „სირცხვილის კორიდორს“ უწყობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დეპუტატებს.

საპროტესტო აქციის მოთხოვნა უცვლელია - დემონსტრანტები პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ პარლამენტის შენობის წინ.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომაა. სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა. ოპოზიცია საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG