Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლო კოპალიანი: მინდა პარლამენტი დავტოვო „მადლიერებით აღვსილმა“ 


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატს კარლო კოპალიანს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. ამის აუცილებლობა განაპირობა კარლო კოპალიანის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად დანიშვნამ.
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კარლო კოპალიანმა კოლეგებს, მთავრობის წევრებს, მედიას და გამორჩეულად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა თავის დროზე და მომცა შანსი, ვყოფილიყავი იმ ხალხის გვერდი, ვინც დააფუძნა „ქართული ოცნება“, გაგვეარა მრავალი წელი, განსაცდელი და გაგვემარჯვა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისათვის. მადლობა მას იმ შვიდი წლისათვის, რომ მომეცა საშუალება და ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს, ჩვენს ყველა თანამოაზრეს...“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

მისი სიტყვებით, სურს შექმნას პრეცედენტი და პარლამენტი დატოვოს არა გაბრაზებულმა, არამედ „მადლიერებით აღვსილმა“.
კარლო კოპალიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 დეპუტატი იყო. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ისინი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.

კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად 8 იანვარს აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG