Accessibility links

logo-print logo-print

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს


საპროკურორო საბჭომ დღეს, 6 თებერვალს უნდა შეარჩიოს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამი კანდიდატი. საბჭო კენჭისყრას ჩაატარებს 14 საათზე დანიშნულ სხდომაზე. კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუკის გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან 27 იანვარს დაწყებული ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.

საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საბჭო ერთი კვირის ვადაში იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

საპროკურორო საბჭოს წევრები არიან პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები და პარლამენტის დეპუტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG