Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ილაპარაკა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უმძიმეს მდგომარეობაზე ილაპარაკა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით, მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდნენ რელიგიის თავისუფლების ალიანსის ათი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანს და შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ეთნიკური ქართველებისთვის რელიგიური აღმსარებლობის და ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურების შეზღუდვის შესახებ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს დავით ზალკალიანის კომენტარს იმის შესახებ, მაღალი დონის შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა ცხადყოფს საქარველოსა და აშშ-ის განსაკუთრებულ პარტნიორობას და რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს: „ბუნებრივია, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამოვიყენე იმისთვის, რომ დეტალურად მესაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაიკ პომპეომ და დავით ზალკალიანმა ისაუბრეს საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე.

ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „მხარეებმა მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და ასევე, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ჯგუფების მუშაობას“.

დავით ზალკალიანმა ფილიპ რიკერს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და სამომავლო დღის წესრიგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG